თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანა „ისნის“ მიმდებარედ, „მაკდონალდსის“ (Mcdonald’s) რესტორანი გაიხსნება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში „მაკდონალდსის“ (Mcdonald’s) რიგით მე-16 რესტორანს შპს „თ და კ რესტორნები“ ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე, 6 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და არანაკლებ 35 ადამიანს დაასაქმებს.
ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 761 500 ლარად, საინვესტიციო პირობებით გადაეცა.
„მაკდონალდსის“ საერთაშორისო ქსელის რესტორნების ოპერირებას საქართველოში შპს „თ და კ რესტორნები“ 20 წელია ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 15 რესტორანი, რომლებშიც დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.