„მაკდონალდსი“ რუსეთიდან საბოლოოდ გადის
„მაკდონალდსი“ რუსეთიდან საბოლოოდ გადის

ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი „მაკდონალდსი“ რუსეთიდან საბოლოოდ გადის. გადაწყვეტილება ამერიკულმა კომპანიამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო მიიღო.

„მაკდონალდსის“ ბიზნესი რუსეთში გაიყიდება.

„ჰუმანიტარული კრიზისის, რომელიც უკრაინაში ომმა გამოიწვია და მზარდი არაპროგნოზირებადმა სამუშაო პირობებმა „მაკდონალდსი“ მიიყვანა დასკვნამდე, რომ რუსეთში ბიზნესის ფლობა არ არის მიზანშეწონილი და არ შეესაბამება „მაკდონალდსის“ ღირებულებებს. ჩვენ ვუერთდებით მთელ მსოფლიოს, ვგმობთ აგრესიასა და ძალადობას, ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, – განაცხადა „მაკდონალდსის“ ხელმძღვანელმა, კრის კემპჩინსკიმ.

რუსეთში „მაკდონალდსის“ ქსელში 62 ათასი ადამიანია დასაქმებული, ხოლო იმ საწარმოებში, რომლებიც რესტორანს ამარაგებს 100 000 მოქალაქე მუშაობს.

„მაკდონალდსმა“ რუსეთის დედაქალაქში პირველი რესტორანი 1990 წლის 31 იანვარს გახსნა.