„სიენენი“ - აშშ-ში McDonald's-ში მოწამვლის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია ერთი, ხოლო ჰოსპიტალიზებულია ათი მომხმარებელი
„სიენენი“ - აშშ-ში McDonald's-ში მოწამვლის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია ერთი, ხოლო ჰოსპიტალიზებულია ათი მომხმარებელი

„სიენენის“ ცნობით, სწრაფი კვების რესტორნების ქსელის, McDonald’s-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ში, ამ ქსელის რამდენიმე ფილიალში E.coli-თ მოწამვლის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.

მედია აშშ-ის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ერთი ხანდაზმული მომხმარებელი გარდაიცვალა, კიდევ ათი კი ჰოსპიტალიზებულია.

„სიენენის“ ცნობით, სულ დაფიქსირდა მოწამვლის 49 შემთხვევა ათ შტატში. დაზარალებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა კოლორადოსა და ნებრასკაშია.

მოწამვლის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ McDonald’s-ის აქციების ფასი ექვს პროცენტზე მეტით დაეცა. სწრაფი კვების ქსელის ხელმძღვანელობის თქმით, E.coli, სავარაუდოდ, იყო დაჭრილ ხახვში, რომელიც გამოიყენებოდა „როიალ ჩიზბურგერის“ მოსამზადებლად. როგორც აღინიშნა, ხახვი მიწოდებული იყო კონტრაქტორი კომპანიის მიერ, რომელიც ემსახურება აშშ-ის სამ სადისტრიბუციო ცენტრს.

ხუთ შტატსა და კიდევ შვიდი შტატის ზოგიერთ რაიონში „როიალ ჩიზბურგერების“ გაყიდვა დროებით შეჩერებულია.​​​​​​​​​​​​​​​​