„მაკდონალდს საქართველომ“ ელტონ ჯონის შესახებ გამოცემულ ბროშურებთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, თუმცა მოგვიანებით ბოდიშის შემცველი განცხადება სხვა განცხადებით შეცვალა
„მაკდონალდს საქართველომ“ ელტონ ჯონის შესახებ გამოცემულ ბროშურებთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, თუმცა მოგვიანებით ბოდიშის შემცველი განცხადება სხვა განცხადებით შეცვალა

„მაკდონალდს საქართველოს“ ადმინისტრაციამ, „ჰეფი მილის“ პროგრამის ფარგლებში გამოცემულ ბროშურებთან დაკავშირებით დღეს ორი განცხადება გაავრცელა.

პირველ განცხადებაში „მაკდონალდს საქართველოს“ მენეჯმენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წიგნის ქართულად თარგმნისას მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება.

„განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით, ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, „მაკდონალდს საქართველოს“ აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება. „მაკდონალდს საქართველოს“ მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას“, – აღნიშნული იყო განცხადებაში, თუმცა, მოგვიანებით კომპანიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ბოდიშის შემცველი განცხადება წაიშალა და ახალი განცხადება გავრცელდა.

ამ განცხადებაში „მაკდონალდს საქართველო“ ბოდიშს იხდის „წინა განცხადების ბუნდოვანების გამო“.

„ვეხმაურებით „მაკდონალდს საქართველოს“ მისამართით გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა და მისი დამფუძნებლის რეპუტაციის შელახვას. გვსურს, მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და მაკდონალდსის გუნდის ბრალდებაში, თითქოს რაიმე სახის პროპაგანდას ვეწევით. ადამიანების ძალა არის მრავალფეროვნებაში. სამწუხაროა, როდესაც პროპაგანდა იყენებს ადამიანების სქესსა თუ ორიენტაციას მათი დისკრედიტაციისთვის, ამახინჯებს კონტექსტს და ხელს უწყობს ჩაგრულთა კიდევ უფრო ჩაგვრას. წინა პოსტის ბუნდოვანების გამო გიხდით ბოდიშს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ამ დროისთვისაც განთავსებულია ფეისბუქგვერდზე.