მამუკა მდინარაძე - „ჰეფი მილში“ ბავშვებს სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას, რაც არის ამ თემის შემოპარება და შეგუება პატარა ასაკიდან, ეს არის დამაზიანებელი
მამუკა მდინარაძე - „ჰეფი მილში“ ბავშვებს სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას, რაც არის ამ თემის შემოპარება და შეგუება პატარა ასაკიდან, ეს არის დამაზიანებელი

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) უმცირესობის არცერთი წარმომადგენლის უფლება, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად, რომ ვინც არ უნდა იყოს, რა ორიენტაციაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, ეს იქნება სექსუალური თუ სხვა, მისი უფლებები უნდა იყოს ზედმიწევნით დაცული. ამავდროულად, კატეგორიულად მიუღებელია ლგბტ მიმართულების პროპაგანდა,  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, სინამდვილეში კი მათი უფლებები არ აინტერესებთ. მან ასევე ისაუბრა „მაკდონალდსის“ საბავშვო ე.წ. ჰეფი მილის მენიუში არსებული ლგბტ პროპაგანდის შემცველი წიგნის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ თემასთან პატარა ასაკიდან შეგუება მომავალი თაობისთვის დამაზიანებელია.

„დღეს ჩვენ ვნახეთ ამაზრზენი ფაქტი, რომ ბავშვებს „ჰეფი მილში“ სასაჩუქრე პაკეტში სთავაზობენ და აწვდიან ლგბტ პროპაგანდის შემცველ დოკუმენტაციას და არა უფლებების დაცვის – არ სჭირდება ბავშვს 2, 3, 7 და 10 წლის ასაკში ლგბტ უფლებების დაცვის სწავლა – რაც არის ამ თემის შემოპარება და ამიტომ არის ამაზრზენი. ამ თემის პროპაგანდის შეგუება პატარა ასაკიდან არის დამაზიანებელი. ამ ქვეყანაში ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს, რომ პროპაგანდას დაარქვას უფლებების დაცვა, სხვადასხვა რამეა და უნდა გავმიჯნოთ. უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რეალურად, ჩვენ ვართ და მათი ბედი და უფლებები არავის აინტერესებს, მათ პროპაგანდა აინტერესებთ, იმიტომ, რომ შემდეგ იყენებენ ხოლმე პოლიტიკურ იარაღად, როგორც ეს მსოფლიოში ძალიან ბევრ ადგილას ხდება, სამწუხაროდ. მათ არ აინტერესებთ ვინმეს მიერ ამ თემის შესახებ სწორად ნათქვამის აღქმა, იმიტომ, რომ პოლიტიკურ იარაღად იყენებენ ამას. მათ არ აინტერესებთ, ვინმე ჰომოფობია თუ არა, იმიტომ, რომ არიან იმ მხარეს, სადაც ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს. ამ ქვეყანაში ეს ამბავი არ გავა. წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში გავიდეს ლგბტ პროპაგანდა და ეს მათ თავისუფლად შეძლონ. ისინი არიან ერთ მხარეს და ჩვენ ვართ სხვა მხარეს, საქართველოა სხვა მხარეს. ამ ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფალი იძულებული, ვალდებული იქნება, გამიჯნოს უფლებების დაცვა პროპაგანდისგან, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.