მედიის ინფორმაციით, რუსეთში „მაკდონალდსის“ ყოფილი რესტორნები ახალი სახელწოდებით გაიხსნა
მედიის ინფორმაციით, რუსეთში „მაკდონალდსის“ ყოფილი რესტორნები ახალი სახელწოდებით გაიხსნა

მოსკოვში „მაკდონალდსის“ 15 ყოფილი რესტორანი დღეს ახალი სახელით გაიხსნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მათ დაერქმევა „ვკუსნო ი ტოჩკა“, რაც ითარგმნება როგორც „გემრიელია და მორჩა“.

პოპულარული სწრაფი კვების ქსელის 850 რესტორანი რუსულმა კომპანიამ შესყიდა. ახალი რუსული ბრენდის ხელმძღვანელის, ოლეგ პაროევის განცხადებით, 200 რესტორნის გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება, ხოლო ივნისის ბოლოს 850-ივე რესტორანი დაიწყებს ხელახლა ფუნქციონირებას.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, „მაკდონალდსმა“ განაცხადა, რომ ის სამუდამოდ ტოვებს რუსეთს, ომის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისისა და არაპროგნოზირებადი ოპერაციული გარემოს გამო. სწრაფი კვების კომპანია ქვეყანაში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. პირველი რესტორანი მოსკოვში 1990 წლის იანვარში გახსნა.