თბილისში გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან
გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება.
კამპანია, რომელიც სააღმზრდელო წლის განახლებასთან ერთად, 15 იანვარს დაიწყება, გულისხმობს მშობლებისთვის საინფორმაციო ფურცლების დარიგებას, რომლებზეც დატანებული იქნება ინფორმაცია გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საინფორმაციო ფურცლები უკვე მზად არის და ისინი მშობლებს ერთი კვირის განმავლობაში დაურიგდებათ.
მისივე ინფორმაციით, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება.
ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვის კოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს.
კახა გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უმრავლესობას გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს.