თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე სამიტი გაიხსნება
თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე სამიტი გაიხსნება

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე სამიტს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელშიც 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, დღეს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნება.

პირველი პანელი და დისკუსია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას, 09:30 საათზე დაიწყება. მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე.

დღესვე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია – პარლამენტის დღე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის. სხვადასხვა ქვეყნის მოდერატორებთან ერთად, დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ საკანონმდებლო ჩართულობის პრაქტიკაზე.

ორგანიზატორების განცხადებით, სესია მიზნად ისახავს არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას, აგრეთვე „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ საპარლამენტო ჩართულობის საუკეთესო მაგალითების გაზიარებას. ამასთან, სესიაზე პარლამენტარები და პროცესებში აქტიურად ჩართული პირები, სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე, წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს ღია მმართველობის მოძრაობაში საპარლამენტო ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი პანელი გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პარლამენტების შესახებ გაიმართება. პანელი პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსების შემუშავებასთან და ლობისტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ აუცილებელ ღონისძიებებს მიეძღვნება. დისკუსია საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ექსპერტების გადმოსახედიდან არსებულ გამოწვევებსა და გლობალურ ტენდენციებზე გაამახვილებს ყურადღებას.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი 19 ივლისამდე გაგრძელდება. სამიტში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი 75 ქვეყნიდან 2000 სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნის მართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.

2017 წლიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანაა.