თეა წულუკიანმა საერთაშორისო კონფერენციას კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის ქართული მაგალითი გააცნო
თეა წულუკიანმა საერთაშორისო კონფერენციას კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის ქართული მაგალითი გააცნო

როგორია კორუფციასთან ბრძოლის წარმატებული ქართული მოდელი და რას გულისხმობს ღია მმართველობის გზით სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა − ამ საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე. თეა წულუკიანმა, რომელიც, ამავე დროს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა, კოპენჰაგენში გამართული მაღალი დონის საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელზე „კორუფციასთან ბრძოლა ღია მმართველობის მეშვეობით“. პანელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ („OGP“) მიერ იყო ორგანიზებული.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ღიაობის თემებზე ისაუბრა და ის მექანიზმები მიმოიხილა, რითაც საქართველო ღია მმართველობის პროცესს წარმართავს. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ღია მმართველობის პროცესში საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს უნიკალური ქართული ინსტრუმენტი − „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმი, რომელშიც შედიან საჯარო დაწესებულებების,ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. სწორედ ფორუმის შიგნით საჯარო კონსულტაციების და კონსენსუსის გზით ხდება „OGP“-ის ეროვნული გეგმის შემუშავება და მისი შესრულების მონიტორინგი.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა შტო, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება სრულადაა ჩართული ღია მმართველობის პროცესში.

„ღია მმართველობა საქართველოს“ მე-4, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში 11 მუნიციპალიტეტი იქნება ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა ღონისძიების მონაწილეებს საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფცია და მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნო:

„დღეს 57 საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს სოფლების მოსახლეობას აწვდის იმავე სერვისებს და ისეთივე სტანდარტით, როგორც იუსტიციის სახლები ემსახურებიან საქართველოს დიდი ქალაქების მცხოვრებლებს. საზოგადოებრივმა ცენტრებმა დაასრულეს საბჭოთა კულტურა საქართველოში, რომ ქალაქის მოსახლეობა იღებდეს უკეთეს სერვისს, ვიდრე სოფლის მცხოვრებლები. საზოგადოებრივი ცენტრების დამსახურებაა, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვებისათვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია საზოგადოებრივი ცენტრების შეხვედრების დარბაზი – უფასო სივრცე იდეებისა და სიახლეების გაზიარებისთვის“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა ისაუბრა, აგრეთვე მნიშვნელოვან სიახლეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და სესიის მონაწილეებს პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს სიახლეზე უამბო:

„სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა ჩვენ მიერ ახალი პრინციპის მიხედვით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, რომლითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მაღაზიების მმართველი კერძო კომპანია შეირჩა. ერთ ერთი მთავარი პირობა იყო, რომ თუ კომპანიას აღმოაჩნდებოდა პარტნიორი ოფშორში, ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა უნდა გაემჟღავნებინა. ეს სიახლეა პენიტენციურ სისტემაში“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა ისაუბრა სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის უნიკალურ პლატფორმაზეც − „my.gov.ge“ პორტალზე, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ელექტრონულ სერვისებს სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს; ინოვაციური პროექტების მიმართულებით კი ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის სისტემის დანერგვას საკუთრების მართვისა და მიწის უფლებების რეგისტრაციის გამჭვირვალობისა და დაცულობისთვის და სხვა.

ორდღიანი კონფერენცია 22 ოქტომბერს მინისტერიალით გაიხსნა და მასში მონაწილეობენ 20 ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიება დანიის განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრმა გახსნა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, კონფერენციას დაესწრნენ დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის,გერმანიის, შვედეთის, ფინეთის, არგენტინის, კანადის, ჩინეთის მინისტრები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის საბჭოსა (IACC) და საერთაშორისო გამჭვირვალობის ორგანიზებით ტარდება. ის წარმოადგენს პლატფორმას, რომელზეც საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენცია მდგრადი განვითარების მიზნებში კორუფციის როლს ეძღვნებოდა.