გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს მიმართა
გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ონლაინრეჟიმში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის იმ ლიდერებმა მიმართეს, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების განვითარებისა და პროგრესული ღია მმართველობის დამკვიდრების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები გახდა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პერიოდში.

„საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლიდერად გვევლინებოდა და მის მე-5 გლობალურ სამიტსაც უმასპინძლა თბილისში. საქართველოს წარმატების ისტორია გრძელდება და ჩვენ ვრჩებით „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ და მისი ფასეულობების ერთგულნი. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების შემუშავებისა და პროგრესული ღია მმართველობის ჩამოყალიბებისთვის მკვეთრი ზომების განხორციელების სოლიდური გამოცდილება გვაქვს. ამ ძალისხმევის შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები გახდა, როდესაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლა დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში განვითარებული ტექნოლოგიები, საჯარო სერვისები და სამოქალაქო საზოგადოებასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შენება დაგვეხმარა, მაქსიმალურად გამჭვირვალენი ვყოფილიყავით ახალი კორონავირუსის დროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ პანდემიის მძიმე პერიოდმა ყველას შეახსენა მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„კრიზისამდე საქართველომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განაახლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთობლივი შექმნის პროცესი და ეს განხორციელდა მაღალი დონის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის შექმნის გზით, რაც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ის უმაღლეს დონემდე ზრდის ღია მმართველობის პოლიტიკის შემუშავებას. ეს კრიზისი არის იმის მტკიცებულება, რომ საფრთხის სიმძიმის მიუხედავად, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობის ფასეულობები მუდამ ინარჩუნებს ფუნდამენტურ დატვირთვას და მხოლოდ ღია მთავრობას შეუძლია რეაგირება მოქალაქეების საჭიროებებზე, მხოლოდ მას შეუძლია, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს გაუძლოს. ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია. ვაგრძელებთ პანდემიამდე დაწყებული რეფორმების განხორციელებას და მზად ვართ, ეს გამოწვევებით აღსავსე დრო ვაქციოთ შესაძლებლობად და ინოვაციური გზებით გავაუმჯობესოთ სერვისებით უზრუნველყოფა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სხვა მიმართულებები, რაც კარგი მმართველობის არსს განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, ღია მმართველობით ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებში, პანდემიის პერიოდშიც და მის შემდგომაც“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“​ მმართველი კომიტეტის წევრებმა, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ საერთაშორისო ინიციატივა 78 ქვეყანას აერთიანებს. საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს 2018 წელს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“​​ მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით კიდევ ერთხელ აირჩიეს.

დატოვე კომენტარი