თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება
თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება

17-19 ივლისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტი იმართება. ღონისძიებას, რომელშიც 76 სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობენ, საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი ბახტაძე გახსნის. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნება.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი და პარტნიორობის თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბა.

საპრეზიდენტო მაღალი დონის პანელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შრი-ლანკის პრეზიდენტთან ერთად გახსნის. სამიტის მონაწილეებს, ასევე, მიმართავენ ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე, მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია, რომელიც მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში“. სოფია UNDP-ის ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად OGP-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის ეწვია.

გახსნის ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ახალი ხუთი წევრი სახელმწიფოსა და ხუთი ადგილობრივი ხელისუფლების საზეიმო მიღების ცერემონიითა და იუსტიციის მინისტრის მიმართვით დაიხურება.

OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს ორი დღის განმავლობაში მთაწმინდა უმასპინძლებს და იქ არსებული ინფრასტრუქტურა საკონფერენციო სივრცეებად გარდაიქმნება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სამიტზე საქართველო წარადგენს „ღია მმართველობა − საქართველოს“ მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ერთხმად იქნა მიღებული. საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. ამ კუთხით სამოქმედო გეგმაში აისახა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვით; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება; საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე; სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა; საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება; მუნიციპალიტეტების ვალდებულებები და სხვა.