თბილისში დღეს ბიზნესკონფერენცია „ესტონეთი – ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“ გაიმართება.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობაა. ბიზნესკონფერენცია ძირითადად დაეთმობა ინდუსტრიული მრეწველობის, IT ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა გახსნიან. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები ესტონეთის სტარტაპ ეკოსისტემის, საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივებისა და ორი ქვეყნის ბიზნესგარემოების ერთგვაროვნების შესახებ.
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ესტონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით, თბილისში ორი, ტალინში კი ერთი ბიზნესფორუმი გაიმართა. ბოლო ასეთი ღონისძიება საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა“, – აცხადებენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
მათივე ცნობით, 2018 წლის ცხრა თვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 33%-ით და განისაზღვრა 9,73 მილიონი აშშ დოლარით. ექსპორტი გაიზარდა 169%-ით და 5,96 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბიზნესკონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ესტონეთის საელჩო საქართველოში, სააგენტო „აწარმოე ესტონეთში“ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო.
ღონისძიება დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნება.