ესტონეთის ელჩი - ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ მიაღწიოს კეთილდღეობას და ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს
ესტონეთის ელჩი - ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ მიაღწიოს კეთილდღეობას და ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს

თბილისის პირველ გიმნაზიაში ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩომ საზეიმო ღონისძიება გამართა.

ესტონეთის ელჩის, კაი კაარელსონის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიების გასამართად თბილისის კლასიკური გიმნაზია აირჩიეს, რადგან ესტონელები მიიჩნევენ, რომ განათლება მათთვის არის სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედი.

ღონისძიებაზე განათლების სფეროში საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის მრავალწლიან ურთიერთობაზე ისაუბრეს.

„24 თებერვალს ესტონეთის ეროვნულ დღესასწაულს ვზეიმობთ. ამ ღონისძიების გასამართად ჩვენ თბილისის კლასიკური გიმნაზია ავირჩიეთ, რადგან ესტონელები მიიჩნევენ, რომ განათლება არის სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნისთვის. განათლების ხარისხის მიხედვით, ესტონეთი მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. ჩვენ პირველები ვართ ევროპაში და მეხუთე ადგილზე ვართ მსოფლიოშიც, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეფექტიანად ვახორციელებთ ჩვენი განათლების სისტემის რეფორმირებას.

ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, გავუზიაროთ ეს გამოცდილება საქართველოს. განათლება ასევე არის ქვაკუთხედი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის საქართველოსთან. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიეთ ეს ადგილი. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას და ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რათა მან ასევე განახორციელოს თავისი განათლების სისტემის მოდერნიზება, მიაღწიოს კეთილდღეობას და ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს“,- განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

ესტონეთის დამოუკიდებლობიდან 102 წელი შესრულდა. ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.