დავით ზალკალიანმა ესტონელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 
დავით ზალკალიანმა ესტონელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ურმას რეინსალუსთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის, მათ შორის ესტონეთის პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება, შეშფოთება გამოითქვა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის, მოსახლეობის გახშირებული დაკავებებისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა სხვა დესტრუქციული ქმედებების გამო და აღინიშნა, რომ შექმნილი ვითარება მოითხოვს ყველა მხარის აქტიურ ჩართულობას ვითარების დეესკალაციის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, და ამისთვის არსებული ყველა საერთაშორისო ფორმატის ეფექტურ გამოყენებას.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ესტონეთს საერთაშორისო ფორმატებში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ესტონეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას, როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით.

ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. ​​

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი