საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა.

როგორც რიინა კალიურანდმა განაცხადა, ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში.

„მოხარული ვარ, რომ დავინიშნე საქართველოში ესტონეთის ელჩად. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი. საქართველოსა და ესტონეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. დარწმუნებული ვარ, ესტონეთი, როგორც აქამდე, გააგრძელებს საქართველოში ისეთი სფეროების განვითარების ხელშეწყობას, როგორებიცაა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები, კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა, უფრო მეტი შევიტყო საქათველოს შესახებ, ვიმოგზაურო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გავიცნო ადგილობრივი მოსახლეობა“, – განაცხადა საქართველოში ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ისევე როგორც ძალიან აქტიური სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის. ხაზი გაესვა, რიგი მიმართულებებით ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების მზაობას.

„მინისტრმა ელჩთან ასევე განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ქართული მხარის მოლოდინებს ამ პროცესისგან. გარდა ამისა, მინისტრმა და ელჩმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და წარმატება უსურვა საქართველოში მის შემდგომ საქმიანობაში.

დატოვე კომენტარი