თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
როგორც აფგან მუხთარლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა, ჩოფიკაშვილის თქმით, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ.
საპარლამენტო უმცირესობა ფიქრობს, რომ პარლამენტში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. ისინი ამ ეტაპზე კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა და არაერთი დაპირება იყო საქმის გამოძიების თაობაზე, დღემდე რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოძიებული არ არის, ანუ ისევ უცნობია ოფიციალურად, თუ როგორ აღმოჩნდა ქალაქის ცენტრიდან აზერბაიჯანის ციხეში აფგანი და როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. დღემდე ვისმენთ მოწოდებას, რომ დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა ფაქტია, რომ ამ გამოძიებას არანაირი შედეგი არ მოაქვს. სწორედ ამიტომ იმართება აქცია, იმის შესახსენებლად, რა მოხდა ერთი წლის წინ და ასევე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები მომავალში იყოს დაცული“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალად ედება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზღვარზე თანხის არადეკლარირებულად გადატანა, რისთვისაც მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.