თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ჰიუგო ზეტცერი გახსნის
თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალს, მის ისტორიაში პირველად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ჰიუგო ზეტცერი გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.
ჰიუგო ზეტცერთან ერთად, თბილისში გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ხოსე ბორგინო, სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე ვილმარ დიპგრონდი და სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარის მოადგილე ჯაუმე ვიცენსი ჩამოვლენ.
დაგეგმილია ერთდღიანი კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნება ქართული თუ მსოფლიო საგამომცემლო სფეროს ყველაზე აქტუალური საკითხები – სიტყვის და გამოცემის თავისუფლება, საავტორო უფლებები და სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომელიც 1896 წელს პარიზში დაფუძნდა და რომლის სათაო ოფისი ამჟამად ჟენევაში, შვეიცარიაში მდებარეობს, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა.
ორგანიზაცია ლობირებს და იცავს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კერძო პირების უფლებებს და 70 ქვეყნის 80-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს.