16 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნება
16 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნება

16 დეკემბერს, 12:00 საათზე „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალი ტარდება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალსა და 2021 წელს, იუნესკო-ს პროექტის, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.

წიგნის საახალწლო ფესტივალი მოიცავს როგორც წიგნების გამოფენა-გაყიდვას, ასევე საბავშვო ღონისძიებებს ფესტივალის მთავარ სცენაზე და საბავშვო სივრცეში, ახალი გამოცემების წარდგენას, შეხვედრებს ავტორებთან, საახალწლო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვასა და სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებს.

18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.