„წიგნების თარო“ ლიტფესტ გუდაური 2019-ში მონაწილეობს
„წიგნების თარო“ ლიტფესტ გუდაური 2019-ში მონაწილეობს

7 სექტემბერს გუდაური წიგნის ფესტივალს – „ლიტფესტ გუდაური 2019“ მეოთხედ უმასპინძლებს. ღონისძიება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მხარდაჭერით ტარდება.

სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურის“ ტერიტორიაზე დილის 11:00 საათიდან გამოფენილი იქნება 15 გამომცემლობის წიგნები და პოსტერები.

ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ საბავშვო, მხატვრული, სასკოლო და სხვა ლიტერატურა დაათვალიერონ და შეღავათიან ფასში შეიძინონ. ამასთან, გაიმართება ვიქტორინაც და გამარჯვებულს გამომცემლების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ. წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული და აქტივობებით დატვირთული იქნება. ორგანიზატორები სტუმრებს სასიამოვნო გარემოს, დასვენებას, გართობას და კარგ მუსიკასაც სთავაზობენ. ნებისმიერ მსურველს შეეძლება საინტერესო სპიკერების ლექციებზე დასწრება.

კიდევ ერთი სიახლე, „ლიტფესტ გუდაური 2019“-ში გადაცემა „წიგნების თაროს“ მონაწილეობაა. გადაცემის გუნდი ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას მისცემს. ყველას შეეძლება, ჩაერთოს „წიგნების თაროს“ თამაშში და საინტერესო პრიზებიც მოიგოს. სუფთა ჰაერზე განტვირთვისა და დასვენების პარალელურად, ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს დღის ბოლოს კარგ მუსიკასაც სთავაზობენ, „ლიტფესტ გუდაურზე“ DJ Hatsvali დაუკრავს. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.

ფესტივალის ორგანიზატორები, სურვილის შემთხვევაში, სტუმრების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ. 08:00 საათზე, კოსტავას 70 ნომერში, სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი მონაწილეებისა და სტუმრების გუდაურამდე გადაადგილებას, ხოლო 19:00 საათზე თბილისში დაბრუნებას უზრუნველყოფს.