თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფესტივალის ორგანიზატორები სოციალურ ქსელსა და ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებენ.
თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე გამომცემლობებისა და ორგანიზაციებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 და მე-6 პავილიონებში გაიმართება, სადაც წიგნის მოყვარულთათვის ტრადიციულად სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები. ფესტივალი ასევე პატარა მკითხველსაც უმასპინძლებს. მე-6 პავილიონში წარმოდგენილი იქნებიან საბავშვო გამომცემლობები და ორგანიზაციები.
ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობენ ქართველი და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ფესტივალისთვის რეგისტრაცია 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.