თბილისის სიმფონიურ ორკესტრს მარიუპოლელი მუსიკოსი მარიანა ალექსუნი შეუერთდა.
მუსიკოსი ჰობოიზე უკრავს და დღეიდან, ვიდრე უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დასრულდება, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ, ჰობოისტი, ექვსი წლის შვილთან ერთად, ორკესტრის წევრებს წარუდგინა.
როგორც ვახტანგ კახიძე განაცხადა, კულტურის სამინისტროსგან იყო ინიციატივა, რომ ორკესტრში მიგვეღო მარიუპოლიდან ჩამოსული ჰობოისტი, რასაც გამოვეხმაურე.
„ისეთ ვითარებაა უკრაინაში, ყველა გამორბის და ბეწვზე არიან გადარჩენილი. ჩემთვისაც ეს ძალიან ემოციური იყო და ყველა ვეძებთ ალბათ იმ საშუალებას, რამით თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ. ამასთან, არსებობს მუსიკოსებს შორის სოლიდარობა და მხარდაჭერა. მომაწოდეს საკონტაქტო მონაცემები და დავურეკე, ველაპარაკე და აი, დღეს პირველად მოვიდა უკვე, გავაფორმეთ სამსახურში. მისი მეუღლეც მუსიკოსია, ძმაც მუსიკოსია, ეს ოჯახი მთლიანად მარიუპოლში ცხოვრობს. იმედი მაქვს, რომ აწმყოში უნდა ვილაპარაკო და არა წარსულში. ქალაქი აღარ არის საერთოდ, ერთი შენობა აღარ დარჩა, რომელიც არ არის დაზიანებული. მარიანა ალექსუნი იქაური ფილარმონიის ორკესტრში უკრავდა“, – განაცხადა ვახტანგ კახიძემ.
ამასთან, მარიუპოლელმა მუსიკოსმა მადლობა გადაუხადა ვახტანგ კახიძესა და ორკესტრის ყველა წევრს.
„მე ჩამოვედი მარიუპოლიდან. მეგობრები დამეხმარნენ, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში. ძალიან დიდი მადლობა საქართველოში მცხოვრებლებს, დირიჟორ ვახტანგ კახიძეს, რომელიც მე დამეხმარა და ამიყვანა სამსახურში. ძალიან სასიამოვნოა ყველა მუსიკოსის და ზოგადად, ქართველების დახამრება. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მუსიკოსმა.