თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგცენტრის მიერ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო.
მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რაც შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა დაავადების შორსწასული ფორმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც მიმართულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციისკენ“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.
თბილისის სატელევიზიო ანძა მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.
„აღსანიშნავია, რომ 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ჩაიტარონ მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა“, – ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.