კახა კალაძე - თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისა და რადიოქალაქის პროექტების განხორციელების შემდეგ, 250-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება
კახა კალაძე - თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისა და რადიოქალაქის პროექტების განხორციელების შემდეგ, 250-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისა და მუხიანში რადიოქალაქის პროექტების განხორციელების შემდეგ, დაახლოებით 250-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია.

„ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებს მიეკუთვნებოდა საქალაქო მნიშვნელობის პროექტები, თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი და მუხიანში რადიოქალაქის პროექტი. მინდა განგიმარტოთ, რატომ არ მოხდა აქამდე ამ პროექტების ინიცირება. ამ ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით მათ კონცეფციაზე. კვალიფიციური, გამოცდილების მქონე კომპანიები კერძო სექტორიდან ორივე პროექტზე ამზადებდნენ დეტალური განვითარების კონცეფციებს და სულ ახლახან ჩაბარდა ისინი მერიას. ამ კომპანიებს ამის გამოცდილება გააჩნიათ და არაერთი ასეთი პროექტი აქვთ განხორციელებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, რადიოქალაქის პროექტი იქნება მრავალფუნქციური, გასართობი, საქალაქო მნიშვნელობის, უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

„თბილისის მერია შეხვდება ბიზნესსექტორს, რომ ორივე პროექტის დეტალები გავაცნოთ. მინდა, მივმართო ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენს, რომ ეს შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“. მინდა, ვთხოვო, მობრძანდეს ყველა, ვისაც სურვილი აქვს და დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას. ამ პროექტების განხორციელება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დააახლოებით 250 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა ჩნდება. საერთო ჯამში, ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია (დაახლოებით 80 მლნ ლარი) და პროექტების განხორციელების შემდეგ შეიქმნება დაახლოებით 250-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი.

თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტის ვიზუალური ნაწილი უკვე წარვუდგინე საზოგადოებას მთავრობის წინა სხდომაზე და ასევე გაიმართება რადიოქალაქის პრეზენტაციაც, რომელიც იქნება მრავალფუნქციური, გასართობი, საქალაქო მნიშვნელობის, უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამ პროექტით ისარგებლებს მთელი თბილისის მოსახლეობა და არა მხოლოდ მიმდებარე უბნების“, – განაცხადა კახა კალაძემ.