თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ასანიძე იკითხება
თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ასანიძე იკითხება

თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ასანიძე იკითხება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ნიკოლოზ ასანიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთან ერთად მივიდა.

როგორც ასანიძემ აღნიშნა, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის..

„საუბარი გვქონდა გამომძიებელთან. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია, რომ გამოძიება სრულყოფილად წარიმართოს. ყველა შეკითხვას გავცემ სრულ და ამომწურავ პასუხს, რათა გამოძიებას ხელი შეეწყოს და კარგად წარიმართოს საქმე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მას შემდეგ მოგახსენებთ, როდესაც გამომკითხავენ“, – განაცხადა ასანიძემ.

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ნიკოლოზ ასანიძე საქმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა და მისი ინფორმაცია შეიძლება მართლაც უმნიშვნელოვანესი იყოს გამოძიებისთვის.

„რაც შეეხება უშუალოდ ბატონი ნიკოლოზის პოზიციას, რა თქმა უნდა, ის ვერ ფლობს იმ ხარისხისა და რაოდენობის ინფორმაციას, რასაც ზაზა ოქუაშვილი, მაგრამ ის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა და მისი ინფორმაცია შეიძლება მართლაც უმნიშვნელოვანესი იყოს ამ საქმისთვის. შესაბამისად, აქ მთავარი ის არის და საკითხი ასე დგას, რამდენად გამოიყენებს ამ ინფორმაციას, რამდენად ეყოფა ნება, რომ თუ ამ ჩვენების შემდეგ დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთება, მოხდეს კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვა დღეს განახლდა.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილიააუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.