თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის, რომელიც მგზავრებს მოემსახურება
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ერთობლივად განახორციელებენ.
ხმალაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდება. მისივე თქმით, შესყიდვას მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც ერთობლივად უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალსიებას. უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი. დედაქალაქის მგზავრებს მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები მოემსახურება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამასთან, ხმალაძის განცხადებით, შემდგომ პერიოდში, როცა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მას ექნება შესაძლებლობა, ავტოპარკის ჩანაცვლება დაასრულოს და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსებიც გამოისყიდოს.
„ჩვენ შორის დადგენილი და შეთანხებულია, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და ამაზე რეკომენდაციებს თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში ჩვენ კომპანიასთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ შემდგომ პერიოდში კომპანია განახორციელებს დარჩენილი პარკის ჩანაცვლებას და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.