20 დეკემბერს, თბლისის ეროვნული გალერეა კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა – „კარლო კაჭარავა დღეს“ მისი პოეზიის, კრიტიკული წერილების და მხატვრული შემოქმედების რამდენიმე ასპექტის გაერთიანების მცდელობაა.
ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზი ეძღვნება კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატს „გენერალი“ და ამ თემაზე შექმნილ სხვა რომანტიკულ პორტრეტებს. მეორე დარბაზში განთავსებული ნახატები დღეს თბილისში მცხოვრები და მომუშავე სამი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებთან ერთადაა წარმოდგენილი.
2017 წლის გაზაფხულზე კარლო კაჭარავას ნამუშევრები ნიუ-იორკში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას. გამოფენის ერთ-ერთ მიმოხილვაში ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა მის ნახატს კარენ კილიმნიკის პანკური შემოქმედების წინამორბედი უწოდა. ამერიკულმა აუდიტორიამ იქამდე უცნობი კაჭარავა ჟურნალ „არტფორუმის“ საშუალებით, სწორედ ამ ფრაზით და ვიზუალური მინიშნებით გაიცნო.