ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსის „მედეას ბურკა“ პრემიერა შედგა
ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსის „მედეას ბურკა“ პრემიერა შედგა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 16 აპრილს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსის, „მედეას ბურკა“ პრემიერა შედგა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიცია-პერფორმანსი მოიცავს ინსტალაციას, ვიდეო ნამუშევარს, სკულპტურას, პიესა-საინტერპრეტაციო ტექსტსა და მუსიკალურ ნაწილს.

ექსპოზიცია-პერფორმანსის პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.​

„ვანო ხუციშვილის მონოსპექტაკლი ნახა მაყურებელმა, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გავიაზროთ ის როლი, რომელმაც კაცობრიობის მეხსიერებაში შეასრულა მედეამ და ჩვენ ვიხილეთ მედეას აბსოლუტურად განსაკუთრებული და განსხვავებული სახე. ყველას ვურჩევდი, რომ მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში, სამუზეუმო სივრცეში ეს სპექტაკლი ნახოს, როგორ ვახერხებთ სხვადასხვა ნიჭიერი ხელოვანის დახმარებით, რომ სამუზეუმო სივრცე და თეატრი განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ ნახოს. მინდა, ყველას ერთად მივულოცო ეს წარმატება. პირველ რიგში, რეჟისორს, მხატვრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს შესანიშნავი პერფორმანსი შექმნა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„მედეას ბურკა“ ოთხ სივრცეში იყო წარმოდგენილი, რაც, სამინისტროს ცნობით, ასევე, პერფორმანსის ექსპოზიციური ნაწილია. დამთვალიერებლებს დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ, ექსპოზიციის ნაწილი იხილონ, ხოლო საღამოს საათებში დაესწრონ ამ საექსპოზიციო ინსტალაციაში გამართულ პერფორმანსს.

ამასთან, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიცია-პერფორმანსი წარადგინა შემოქმედებითმა კავშირმა „ვან ენდ არტი“.

დამთვალიერებელს ექსპოზიცია-პერფორმანსის ნახვა 22 აპრილამდე შეეძლება.