ეროვნული გალერეა 25 თებერვლიდან უმასპინძლებს გამოფენას „1910-1932 წლების ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი“
ეროვნული გალერეა 25 თებერვლიდან უმასპინძლებს გამოფენას „1910-1932 წლების ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 25 თებერვლიდან 20 აპრილის ჩათვლით გამოფენას „1910-1932 წლების ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი“ უმასპინძლებს.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში სულ 403 ექსპონატი იქნება წარმოდგენილი.

„გამოფენა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან მასალას აერთიანებს, რომელიც საქართველოში 1910-1932 წლების განმავლობაში მოდერნისტული მიმდინარეობის მრავალმხრივ და საინტერესო განვითარების
პროცესს ასახავს.

გამოფენა „1910-1932 წლების ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი“ მოიცავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რამდენიმე ფონდის ექსპონატებს. აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, პირველად იხილოს ცნობილი ქართველი სცენოგრაფის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრები კოლექციიდან, რომელიც კულტურის სამინისტრომ 2021 წელს სამუზეუმო ფონდების (ხელოვნების სასახლე და ხელოვნების მუზეუმის ფონდები) შევსების პროექტის ფარგლებში შეიძინა.

ამასთან, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმის კოლექციების საგამოფენო ექსპონატები. წარმოდგენილი
იქნება ასევე კერძო კოლექციებში დაცული ექსპონატებიც. გამოფენის კურატორები არიან ნანა ყიფიანი და ნანა შერვაშიძე, ხოლო თანაკურატორი – მარიამ დვალი“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოფენის ფარგლებში სულ 28 მხატვრის შემოქმედება იქნება წარმოდგენილი, ესენი არიან: ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, მიხეილ გოცირიძე, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ალექსანდრე შერვაშიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ირინა შტენბერგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, იგორ ტერენტიევი, დავით კაკაბაძე, ალექსანდრე ზალცმანი, დიმიტრი კვირიკაშვილი, იოსებ შარლემანი, ზიგმუნდ (ზიგა) ვალიშევსკი, იოსებ გაბაშვილი, ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, კოლაუ ჩერნიავსკი, რენე შმერლინგი, სერგეი სუდეიკინი, საველი სორინი, ემა ლალაევა-ედიბერიძე, თამარ თავაძე და ვოლდემარ ბობერმანი.

ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო განრიგის შედგენის მიზნით, კონკურსი 2021 წლის 6 ივლისს გამოცხადდა, ხოლო განაცხადების მიღება 10 დეკემბერს დასრულდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის მუზეუმის საგამოფენო განრიგი სწორედ აღნიშნული კონკურსის წესით შერჩეული პროექტებით დამტკიცდა. მოცემული გამოფენა მიმდინარე წელს უკვე მეორეა კონკურსში გამარჯვებული პროექტებიდან.