თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის წესები განისაზღვრა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებს მუშაობას.
გვანცელაძის განმარტებით, რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიყვანისა და დაწესებულებიდან გაყვანის წესი. ამასთან, გვანცელაძის თქმით, შეიცვალა ბაღებში სათამაშოების გამოყენების წესიც, კონკრეტულად კი, აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება.
„ამ ეტაპზე, ეპიდზედამხედველობის მიერ გვაქვს თანხმობა, რომ ბაღები გავხსნათ. არდადეგების პერიოდში, კერძოდ, სექტემბერის შუა რიცხვებში რვა ბაღში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამავე თვეში ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რეგულაციები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ბაღებში.
ჩვენ დავიწყეთ ამ რეგულაციების მყისიერად აღსრულება და მომზადება. შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ რეგულაციებიდან გამომდინარე – როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მეთოდური მიმართულებებით. უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რაც ყველაზე აქტუალურია ამ ეტაპზე – ეს გახლავთ ბავშვების მიღებისა და გაყვანის წესი. მშობლებს, როდესაც მოჰყავთ ბავშვები ბაღში, ეზოში ხვდებათ მარკირებები, სტიკერები, სადაც განსაზღვრულია, სად უნდა დადგეს მშობელი ბავშვთან ერთად. დახატული არის ამ სტიკერზე ან მონიშვნაზე ჯგუფი. ანუ ასაკობრივი ჯგუფი მინიშნებულია ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ წლამდე, ხუთიდან ექვს წლამდე. სწორედ იმ ადგილზე უნდა დადგეს მშობელი, სადაც მისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვრული. ამის შემდეგ გამოდის აღმზრდელი შენობიდან ეკიპირებული ხალათით, ხელთათმანით, პირბადით და ბავშვს გამოართმევს მშობელს. შემდეგ ბავშვს თერმოსკრინინგი უტარდება და შეჰყავს შენობაში. საბავშვო ოთახში მას დახვდება აღმზრდელის თანაშემწე, ანუ მეორე თანამშრომელი და იტოვებს ბავშვს. ეს არის მიღების წესი.
არსებობს უკვე ე.წ. ჩეკლისტები, სია, განრიგი, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბავშვი ბაღში. ანალოგიურია გაყვანის წესი, წინასწარ განსაზღვრულია დრო, ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი.
რაც შეეხება საკითხს, როდესაც მშობელს სურს, ადრე გაიყვანოს ბავშვი. ვიმედოვნებ, ასეთი შემთხვევები იქნება ერთეული და მინდა, ვთხოვო მშობლებს, სწორედ ამ კუთხით იზრუნონ, რათა მსგავსი შემთხვევები იყოს ერთეული, რადგან ეს თუ მასობრივი იქნება, ძალიან დაარღვევს ყველანაირ წესსა და რეგულაციებს. თუმცა განსაკუთრებული შემთხვევის დროს, მშობელმა ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს და შესაძლებელი იქნება ბავშვის გაყვანა.
თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა ბაღში მიყვანის დროს, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. ხოლო, თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, უკვე აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების, ანუ საიზოლაციო ოთახში ბავშვის ექთანთან, რომელიც ეკიპირებულია. მივმართავთ მშობელს, გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ძალიან დაიგვიანებს, მივმართავთ 112- ს და ინდვიდუალური შემთხვევები ცალ-ცალკე განიხილება. ყოველ ორ საათში განიავდება ოთახები, შეიცვალა სათამაშოების გამოყენების წესი. პრაქტიკულად, ამოღებულ იქნა სათამაშოები, რომლებიც რთულად ექვემდებარება გარეცხვას ან დეზინფექციას. სადეზინფექციო ხსნარები განთავსდა ყველა ოთახთან. შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის, თეთრეულის გარეცხვის, დისტრიბუციის წესი. სააღმზრდელო პროცესის დროს პირბადეებით იქნებიან თანამშრომლები“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება.