საფრანგეთის სენატმა კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის სენატმა კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითვალისწინებს.

ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 199-მა სენატორმა, 123 კი წინააღმდეგ წავიდა. ახალი ზომები სამედიცინო სფეროს მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციას და ე.წ. სანიტარული საშვების გაცემას ითვალისწინებს.

ახალი წესების მიხედვით რესტორნებში, თეატრებში, მუზეუმებში და კინოთეატრებში შესვლის, ასევე საქალაქთაშორისო მატარებლებში ჩასხდომის უფლება მხოლოდ „სანიტარული საშვების“ და ვირუსზე უარყოფითი პასუხის მქონე პირებს ექნებათ.

„სანიტარული საშვები“ გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს. სავალდებულო ტესტირებისგან მხოლოდ არასრულწლოვნები გათავისუფლდებიან. გამკაცრებული ზომები საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმოქმედებს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე გახანგრძლივდა.

გასულ დღეს გამკაცრებული ზომების გასაპროტესტებლად 160 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში. დემონსტრანტებსა და პოლიცის შორის შეტაკებაც მოხდა. პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დატოვე კომენტარი