აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებით პირველი ივლისიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება
პირველი ივლისიდან ბიზნესისთვის ახალი რეგულაცია შედის ძალაში. ამ თარიღიდან ქვეყანაში გაზზე მომუშავე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი ძალაში ზუსტად ორ კვირაში შევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკას აწვდიან, დოკუმენტაცია რეგლამენტის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ მომზადებული.
თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, დამატებით შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მოწყობილობა დაპროექტებული, წარმოებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ბაზარზე რეგლამენტის შესაბამისად წარმოებული პროდუქცია თითქმის არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკა, რომელსაც ისინი ყიდიან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ახალი წესები უფრო მაღალ ევროსტანდარტებს გულისხმობს, რაც ეკოლოგიაზე ზრუნვით აიხსნება. ეს კი მწარმოებლისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და იმპორტიორების გათვლებით, მომხმარებლისთვის პროდუქციას 2-ჯერ ან 3-ჯერ აძვირებს.
ამასთან, ბიზნესისთვის პრობლემად იქცევა უკვე დასაწყობებული პროდუქციაც, რომლის რეალიზაციასაც ახალი სტანდარტებით ვეღარ შეძლებენ. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ თუ რეგულაციის ამოქმედების ვადამ არ გადაიწია, პირველი ივლისიდან ისინი მილიონობით ლარის ზარალზე გავლენ.
„რა თქმა უნდა, კომპანიებს აქვთ ძალიან დიდი ნაშთები იმ მოწყობილობების, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ სტანდარტებს. ამიტომ მიმდინარეობს აქ აქტიური ლაპარაკი, სულ მცირე ის მაინც გააკეთონ, რომ კომპანიებს რა ნაშთიც აქვთ, მისცენ მისი რეალიზაციის საშუალება.
რეალურად, ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ მომწოდებლებს, აწარმოონ ზუსტად იმ სტანდარტებით, რასაც გვთხოვს დადგენილება, თუმცა ეს ფასებს 2-3-ჯერ გაზრდის და საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა არ არის შესაბამის დონეზე, რომ მათ ეს შეძლონ და ვთქვათ, ჩაანაცვლონ მიმდინარე 300-ლარიანი წყალგამაცხელებელი, 700 და 800-ლარიანი წყალგამაცხელებლით.
კომუნიკაციის პრობლემა იყო. შესაბამისობის გარდა, ასევე ითხოვენ ქართულად ნათარგმნ სამომხმარებლო წიგნაკს, ქართულად ნათარგმნ ინსტალაციის ინსტრუქტაჟს და ა.შ. როგორც გვაცნობეს, დადგენილება ამოქმედდება პირველ ივლისს და მკაცრად განგვისაზღვრეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადავადდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კომპანია „ცელსიუსის“ შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ლალიაშვილმა.
რეგლამენტი კერძო სექტორს შესაბამისობის დეკლარაციის მოთხოვნას მხოლოდ მოწყობილობებზე არ უწესებს. რეგულაცია ვრცელდება მათ შორის ტექნიკის დეტალებზეც. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება კი ბიზნესის თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან მწარმოებლები მსგავს დოკუმენტს უბრალოდ არ გასცემენ. შესაბამისად, გამოდის, რომ პირველი ივლისიდან კომპანიები ვერც სერვისის მომსახურებას გასწევენ და ვერც საგარანტიო პირობებს შესთავაზებენ მომხმარებლებს.
„მთავარი პრობლემა რაც დგას, არის საამწყობრო ნაწილებზე და თავად აგრეგატებზე შესაბამისობის დეკლარაციის მოთხოვნა. ხაზგასასმელია, რომ თავად ევროპის სახელმწიფოებშიც არ მოითხოვება სათადარიგო ნაწილებზე, ეს არის მხოლოდ ჩვენთან. ორ წელზე მეტ ხანს გავცემთ ხოლმე საგარანტიო პირობებს, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ნებისმიერი დაზიანების და გაუმართაობის შემთხვევაში, გამოვასწოროთ ეს ნაკლი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ გვექნება სათადარიგო ნაწილების შემოტანის შესაძლებლობა, გამოდის, რომ ათასობით ადამიანთან დადებულ ხელშეკრულებას დავარღვევთ, რაც გამოიწვევს როგორც მათთვის ზიანს, ასევე ზიანი მოგვადგება ჩვენც.
პრობლემა, რომელოც აისახება ასევე საზოგადოებაზე, არის ფასების ზრდა. პირობითად, ყველაზე ხშირად გამოყენებადი წყალგამაცხელებელი რაც არის, მასზეც გაიზრდება ფასი, ან ფაქტობრივად შეიძლება, რომ ამოღებული იქნას ბაზრიდან, ვინაიდან მოხდება ასორტიმენტის სრულად ჩანაცვლება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გონივრული ვადით გადავადდეს ამ დადგენილების ამოქმედება, რადგან კომპანიებმა მოვასწროთ ადაპტირება ამ ცვლილებებთან, ვინაიდან საჭიროა მწარმოებელ კომპანიებთან კონსულტაციები“, – განაცხადა კომპანია „თერმო ცენტრის” იურისტმა, სოფიო მექანარიშვილმა.
ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია როგორც ბიზნესომბუდსმენი, ისე ეკონომიკის სამინისტრო. კერძო სექტორში იმედი აქვთ, რომ მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას კიდევ ერთხელ გადაავადებენ.
მათი თქმით, ახალი სტანდარტი ყველა შემთხვევაში ბაზრიდან საშუალო ფასის სეგმენტს გააქრობს და ყველა ის ტექნიკა, რომელიც აირად საწვავზე მუშაობს, ამიერიდან 3-ჯერ უფრო ძვირი ეღირება.
შეიცვლება თუ არა რეგლამენტში გაწერილი მოთხოვნები და რეგულაციების ამოქმედების თარიღი, ორ კვირაში გახდება ცნობილი.