გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები პირველ სექტემბრამდე გადავადდა
გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები პირველ სექტემბრამდე გადავადდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები გადავადდა. პირველი ივლისის ნაცვლად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში. შესაბამისად, კომპანიები, გაზზე მომუშავე ტექნიკის გაყიდვას, როგორიცაა გათბობის ქვაბები, გაზქურები და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკა, ყოველგვარი შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე, პირველ სექტემბრამდე ჩვეულებრივად შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკას აწვდიან, დოკუმენტაცია რეგლამენტის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ მომზადებული. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია, დამატებით შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მოწყობილობა დაპროექტებული, წარმოებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

ამასთან, რეგლამენტი კერძო სექტორს შესაბამისობის დეკლარაციის მოთხოვნას მხოლოდ მოწყობილობებზე არ უწესებს. რეგულაცია ვრცელდება მათ შორის ტექნიკის დეტალებზეც.

სწორედ ბიზნესის მოთხოვნა იყო რეგულაციის გონივრული ვადით გადაწევა, ვინაიდან როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ ჰქონდათ მილიონობით ლარის პროდუქცია დასაწყობებული და თუ სიახლე ძალაში პირველი ივლისიდან შევიდოდა, ისინი მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალზე გავიდოდნენ.