„თურქეთის ავიახაზებმა“ დღეს ანკარა – თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი, რეგულარული ფრენა შეასრულა.
პირველი რეისით საპატიო სტუმრის სტატუსით თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ იმგზავრა.
ელჩს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი დახვდა.
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing 737 – 800 ტიპის ხომალდებით, ანკარას, ესენბოღას აეროპორტში შესრულდება.
დღეისათვის, თურქეთის ავიახაზები ყოველდღიურ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის – ათათურქის, საბიჰა გოქჩენისა და „სტამბოლის” ახალი აეროპორტების მიმართულებით ასრულებს.