საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში დიასპორასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში დიასპორასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის რესპუბლიკაში დიასპორასთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად შექმნილი ვითარებისა და საქართველოს მოქალაქეთა, ასევე დიასპორის წარმომადგენელთა მდგომარეობის გაცნობა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

სამინისტრომ და საელჩომ თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია მიწისძვრის შემდგომ საელჩოს მუშაობის სპეციფიკისა და გაწეული საქმიანობის შესახებ. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოუწოდეს მათ საელჩოსთან მჭიდრო კოორდინაციისკენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით.

თავის მხრივ, თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს მადლობა გადაუხადეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნეს, რომ საგარეო უწყება და საელჩო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს მთავრობის მიერ თურქეთის რესპუბლიკისთვის გაწეული დახმარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ამ მძიმე წუთებში სოლიდარობისა და მეგობრობის გამოხატულებაა.

ვლადიმერ კონსტანტინიდთან და გიორგი ჯანჯღავასთან შეხვედრაში თურქეთში მცხოვრები თანამემამულეები, მათ შორის ისტორიული დიასპორის, „ჩვენებურების“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და განაგრძობს კომპეტენციის ფარგლებში სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, რისთვისაც მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.