ელჩის ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება
ელჩის ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

„მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, ქართველების ნაწილს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალდნენ და სურთ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ, ხომ არ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები ამ ადამიანების დასახმარებლად, თურქეთში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ სატელეფონო კომუნიკაცია შედგა მინისტრთან და ხვალისთვის გაცხადდება კონკრეტული სქემა, როგორ მოხდება მათი დახმარება.

„იგეგმება მოქალაქეების დახმარება. გუშინ გვქონდა სატელეფონო საუბარი მინისტრთან. მივიღეთ დავალებები, ალბათ ხვალ გაცხადდება. ბევრი უკვე გამოვიდა ზონიდან ჩვენი დახმარებით, ზოგს დავეხმარეთ დისტანციურად, ზოგი დარჩა. ხვალისთვის გაცხადდება უფრო კონკრეტული სქემა, რას აპირებს საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. მთავარია, მოხდეს ლოკალიზება. იყო შემთხვევები, როცა მათ ჰქონდათ გამოსვლის სურვილი, მაგრამ შემდგომში დარჩენის გადაწყვეტილებას იღებდნენ. ისინი ცდილობენ, თურქეთისთვის ასეთ ტრაგიკულ მომენტში არ მიატოვონ ახლობლები, მეგობრები, ის ოჯახები, რომლებშიც ისინი მუშაობდნენ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.