თბილისის 76-ე ბაღში, რომელიც გაზის სუნის გამო ნოემბრის შემდეგ დახურული იყო, დღეიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა
თბილისის 76-ე ბაღში, რომელიც გაზის სუნის გამო ნოემბრის შემდეგ დახურული იყო, დღეიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა

თბილისში, ორხევში მდებარე 76-ე საბავშვო ბაღში, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან ბავშვებს ვერ იღებდა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიიღეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ე.წ. ბიოგაზი მხოლოდ ერთ ოთახში, სარდაფის დონეზე მდებარე ფართში გროვდება, თუმცა მისი კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება ოთახებს, რომლებიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, იქ აირი არ ფიქსირდება.

სააგენტოს ინფორმაციით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რეკომენდაციებიც გასცეს, რომელთა გათვალისწინებით გაკეთდა საჰაეროები, ყველა ოთახში დამონტაჟდა გაზის დეტექტორები, ასევე შემოწმდა ჰაერის მდგომარეობა და დადებითი პასუხის შემდეგ, ბაღმა ფუნქციონირება განაახლა.

ბაღში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო მშობლების ნაწილმა 23 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. 76-ე ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2019 წლის 18 ნოემბერს, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების რეკომენდაციით შეწყდა. მიზეზი აირის სუნი გახდა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ საუბარია ბიოგაზზე, რომელიც ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ნაგავსაყრელი იყო.