თბილისის საბავშვო ბაღებში, გარდა სამი ბაღისა, სააღმზრდელო პროცესი განახლდება
თბილისის საბავშვო ბაღებში, გარდა სამი ბაღისა, სააღმზრდელო პროცესი განახლდება

დღეს თბილისში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ სამ საბავშვო ბაღში არ განახლდება. დანარჩენი ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება მხოლოდ იმ სამ ბაღში, რომლის პერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ გასულ ორ დღეში 40-ზე მეტ ბაღში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი გამოვლინდა. თუმცა, მათ შორის მხოლოდ სამ ბაღში არის შემთხვევა, როდესაც უშუალოდ თანამშრომელია ინფიცირებული. ეს ბაღებია: გლდანში – # 53, დიდუბეში – #99 და კრწანისში # 36 ბაღი.

„რამდენიმე უწყებასთან კომუნიკაციის შედეგად, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, არ ვხსნით მხოლოდ და მხოლოდ სამ ბაღს, სადაც კოვიდი დაუფიქსირდა უშუალოდ ბაღის თანამშრომელს. დანარჩენ 180 ბაღში განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი“, – განაცხადეს სააგენტოში.