საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო [ფოტო]
საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო [ფოტო]

ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო.

კოვიდრეგულაციები, რომლებითაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გასული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ, სარეკომენდაციო ხასიათის გახდა. ამის გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყებისას მშობლებისთვის საბავშვო ბაღის ტერიტორიასა და შენობაში შესვლა ნებადართულია.

ამასთანავე, საბავშვო ბაღში პირველად წასული აღსაზრდელების მშობლებს საშუალება აქვთ, ბაღთან შეგუების მიზნით, წინასწარ შეხვდნენ აღმზრდელს და გაეცნონ ბაღის გარემოს.

ბაღებში აღარ ტარდება თერმოსკრინინგი, თუმცა თანამშრომელთა ტესტირება ძალაში რჩება – ბაღების პერსონალს „კოვიდზე“ ორ კვირაში ერთხელ შეამოწმებენ.

დღესვე თბილისში, საინგილოს ქუჩაზე ახალი, 88-ე ბაღი გაიხსნა, სადაც ანიმატორების მონაწილეობით საზეიმო დახვედრა გაიმართა. სააღმზრდელო წლის დაწყება ბავშვებსა და მშობლებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მოწვეულ სტუმრებთან ერთად მიულოცა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები კახი კახიშვილი და კახა ლაბუჩიძე, ასევე რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი დაესწრნენ.