„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული
მოლაპარაკებების შინაარსიდან გამომდინარე, რა რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ეტაპზე არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნინო ბოლქვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუნდს ჯერ არ უმსჯელია, ჩატარდება თუ არა დაგეგმილი ღონისძიებები.
„ჯერჯერობით ჩვენს გუნდს არ მოგვეცა შესაძლებლობა, შევკრებილიყავით და გვემსჯელა. ამას გავაკებთ უახლოეს მომავალში, დღეს ან ხვალ. მოლაპარაკებების შინაარსიდან გამომდინარე, რა რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, ამ ეტაპზე არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ზოგადად, დაგეგმილია სამი ღონისძიება. პირველი ღონისძიება არის სპექტაკლი, ასევე კონფერენცია და ბოლოს ღირსების მარში, რომელიც ასრულებს კვირეულს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, არ გვიმსჯელია ამ საკითხებზე. ჯერჯერობით არც ერთი ღონისძიების გაუქმებაზე ან ჩატარებაზე გუნდში არ გვიმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ნინო ბოლქვაძემ განაცხადა „სახელმწიფოს მხრიდან და დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი. სხვა შეფასება არ შეიძლება, იურისტს ჰქონდეს“.
„თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლგბტ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეებთან, ნათია მეზვრიშვილთან და კახაბერ საბანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აუდიენციისას უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ „თბილისი პრაიდის“ წევრების, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებაც.