„თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებით შსს-სა და ლგბტ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა
„თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებით შსს-სა და ლგბტ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

„თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლგბტ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებთან, ნათია მეზვრიშვილთან და კახაბერ საბანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აუდიენციისას უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ „თბილისი პრაიდის“ წევრების, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებაც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებენ თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით ორგანიზაციებში. შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებსა და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის, მათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად”,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა კულტურულ ღონისძიებებზე, რომელიც დახურულ სივრცეშია დაგეგმილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, რის გარანტიასაც პოლიცია ღია სივრცის შემთხვევაში ვერ იძლევა.

„ამ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს, ეს არის ფაქტი და რეალურად ის, რომ ისინი შეიკრიბონ, თუნდაც ათასი პოლიციის კორდონით გარშემორტყმულნი, არ ცვლის ვითარებას, ფაქტი ფაქტად რჩება. დღემდე პრობლემად რჩება მათი თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი, გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას”,-განუცხადა ჟურნალისტებს ლომჯარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს შორის გამართულ თითქმის ორსაათიან შეხვედრას ომბუდსმენი, მხარეების მოწვევით, დაესწრო.

შეხვედრის მონაწილე ლგბტ აქტივისტებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, მათი თქმით, პოზიციას წერილობითი განცხადების სახით გაავრცელებენ.

დატოვე კომენტარი