ნინო ბოლქვაძე - „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება
ნინო ბოლქვაძე - „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება

„თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა მარში თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება.

როგორც ნინო ბოლქვაძემ აღნიშნა, მარშის ჩატარებისას გარკვეული რისკები არსებობს, თუმცა მის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

„თბილის პრაიდის“ ორგანიზატორთა მხრიდან უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც იყო შესაძლებელი, გავითვალისწინეთ. ამ მომენტშიც მიმდინარეობს დაძაბული მუშაობა ათეულობით ადამიანის, რათა ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. ჩართულები არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სამართალდამცველებიც. პროცესი არის მუშა და იმედი გვაქვს, რომ იქნება ეფექტური. რაც შეეხება რისკებს, რისკები არსებობს და მისი თავიდან არიდების პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. თითოეულ ადამიანს, რომელიც დააპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. სად ჩატარდება „ღირსების მარში“ ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა გეტყვით, რომ მარში არ გაიმართება თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, დღეს იმართება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ღონისძიება, რომელიც არის სოციალური სპექტაკლი.

„სპექტაკლს ჰქვია „კავკასიური მეტამორფოზა“ და დაიდგა ცნობილი მწერლის ფრანც კაფკას მოთხრობის „მეტაფორზას“ მოტივების მიხედვით. სპექტაკლის მთავარი გმირი არის ახალგაზრდა გეი ბიჭი, რომელიც მშობლებს ეუბნება, რომ არის ჰომოსექსუალი და სწორედ მშობლების რეაქციას ასახავს ეს სპექტაკლი. ჩვენ არ ვთამაშობთ და ავსახავთ რეალობას, რომელიც გვაქვს. სოციალური სპექტაკლის მიზანი და სიკეთეც სწორედ ეს არის, რომ დავანახოთ ადამიანებს რეალობა და გამოსავალი. გამოსავალი კი საკუთარ შვილთან დიალოგია. გარიყვა და მისი ცხოვრების წესის შეცვლის მცდელობა გამოსავალი არ არის. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სპექტაკლის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.