ნინო ბოლქვაძემ სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაცია იუსტიციის სახლთან გააპროტესტა
ნინო ბოლქვაძემ სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაცია იუსტიციის სახლთან გააპროტესტა

„იუსტიციის სამინისტრო ტრანსგენდერ ადამიანს სტერილიზაციას აიძულებს“, – ამ პლაკატით იუსტიციის სახლის წინ დღეს ერთკაციანი აქცია გაიმართა.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო აქტების შესახებ კანონი ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ „სქესი არის შეცვლილი“. თუმცა, მისი თქმით, ტერმინს „სქესის შეცვლა“ ქართული და ევროპული სასამართლო განსხვავებულად განმარტავს.

ნინო ბოლქვაძის განმარტებით, ქართული სასამართლო პრაქტიკა მხოლოდ სამედიცინო მიდგომას, კერძოდ, სქესის ოპერაციის გზით შეცვლას ცნობს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დანერგილ სტანდარტს ეწინააღმდეგება.

როგორც ნინო ბოლქვაძე აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე საქართველოს სააპელაციო სასამართლომ უკვე სამ მოქალაქეს უთხრა უარი. ბოლქვაძის თქმით, ყველა ეს საქმე აუცილებლად მოხვდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ქართულ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა მოუწევს.