ნინო ბოლქვაძე - ჩვენ, ვინც მთავრობის ადმინისტრაციასთან შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები
ნინო ბოლქვაძე - ჩვენ, ვინც მთავრობის ადმინისტრაციასთან შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები

ჩვენ, ადამიანებმა, ვინც აქ შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თანასწორობის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო ბოლქვაძემ განუცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

„ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხელისუფლებამ აწარმოა რეპრესიული პოლიტიკა და აქედან გამომდინარე, ქმედებები მიმართული იყო საკუთარი მოქალაქეების, ისედაც სტიგმატიზებული ჯგუფების ჩაგვრისკენ. მას შემდეგ, რაც 12 მაისს შევარდნა მოხდა კლუბებში, დაარღვიეს იქ მყოფი ადამიანების უფლებები, მას შემდეგ, რაც შეიზღუდა პროტესტის მუხტის მქონე ადამიანების საჯაროდ შეკრების, გამოხატვის თავისუფლება პარლამენტთან, მას შემდეგ, რაც ხელი შეუწყვეს იმ ჯგუფებს, რომლებიც გამოდიან ძალადობისკენ მოწოდებებით, რომლებიც, ვფიქრობ, არიან ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული და ხელისუფლებისვე ხელშეწყობით ახორციელებენ სტიგმატიზებული ჯგუფის წევრებზე თავდასხმას ან ასეთ მუქარებს ახორციელებენ, ამის შემდგომ გაუქმდა აქცია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ამ აქციაში მონაწილეობის მიღებას დაახლოებით 1500 ადამიანი აპირებდა.

„ჩვენ, ადამიანები, ვინც შევიკრიბებით, ვიცით, რომ არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. ეს არის ილუზია სახელმწიფოში, რომელსაც ჯერ სახელმწიფოს ვერ დავარქმევთ, სანამ ადამიანის უფლებები არ არ იქნება დაცული. ამიტომ, ნდობა ხელისუფლების მიმართ არ არსებობს. ის ლოიალურია ფაშისტური დაჯგუფებების მიმართ, არ აკონტროლებს, საიდან იღებენ ეს დაჯგუფებები ფულად დაფინანსებას. ზოგს, ჩემი აზრით, თავადვე აფინანსებს“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.