„თაშრეს“ წარმომადგენელი - რესტორანში ყველა ნორმა დაცულია, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს
რესტორან „თაშრეს“ ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტი უსამართლოდ და უსაფუძვლოდ დააჯარიმა, – ამის შესახებ პირველ არხს „თაშრეს“ წარმომადგენელმა, მაკა ცაბუტაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შემოწმების დროს ინსპექტორებს წარუდგინეს ბატკნის ხორცის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ექიმის მიერ იყო გაცემული, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია სრულყოფილად არ იყო შევსებული, რის გამოც რესტორანი დაჯარიმდა.
„საუბარია სამ კილოგრამ ბატკნის ხორცზე, რომლის ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთი წარვადგინეთ. ამ საბუთზე იყო ექიმის შტამპიც, რაც ადასტურებდა, რომ ხორცი იყო ვარგისი, თუმცა ამ დოკუმენტში არ იყო შევსებული ფორმა 2-ის გრაფა, სადაც როგორც გვითხრეს, კონკრეტული ციფრი უნდა ყოფილიყო ჩაწერილი.
რას ნიშნავს ფორმა 2 და რა ციფრი უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, ეს ჯერ არ ვიცით და ვცდილობთ გარკვევას. ჩვენ აქამდე ვფიქრობდით, რომ ეს საბუთი, რაც წარვადგინეთ, კანონიერი იყო და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა კანონიერი“, – განაცხადა მაკა ცაბუტაშვილმა.
„თაშრეს“ წარმომადგენლის თქმით, რესტორნის დაჯარიმება ნიშნავს საზოგადოებისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან მათ კვების ობიექტში ყველა ნორმა დაცულია.
„შავ სიაში“ „თაშრეს“ სამზარეულოს მოხვედრა არის ნორმიდან ამოვარდნა. შტამპიან საბუთზე გვეუბნებიან, რომ კანონიერი ძალა არ აქვს. ეს არის მოსახლეობისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მსგავს შემოწმებებს, ვინაიდან რესტორნებში კატასტროფული მდგომარეობაა და კარგი იქნება, თუ ყოველთვიურად შემოწმდება, მაგრამ „თაშრეში“ ყველა ნორმა დაცულია და ჩვენ კეთილსინდისიერად ვმოქმედებდით“, – განაცხადა მაკა ცაბუტაშვილმა.
რესტორანი „თაშრე“ და მასთან ერთად კიდევ სამი ობიექტი, „კახელები“, „რესტორანი თევზის სახლი“, „კერია“ 1000 ლარით დააჯარიმა, ვინაიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულ კვების ობიექტებში გამოვლინდა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის ფაქტები.
თბილისში მდებარე ცნობილ რესტორნებსა და კაფეებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა.
სააგენტოს ინფორმაციით, უწყების თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.