თამარ სანიკიძე - უნივერსიტეტების ავტორიზაციის წესის ცვლილების მიზანი ფორმალიზებიდან შინაარსზე გადასვლაა
თამარ სანიკიძე - უნივერსიტეტების ავტორიზაციის წესის ცვლილების მიზანი ფორმალიზებიდან შინაარსზე გადასვლაა

საერთაშორისო საზოგადოება სერიოზულად არ აღგვიქვამს და როგორც იქნა, თავის დამკვიდრება დავიწყეთ, რათა ამ საზოგადოების, ამ სივრცის წევრები გავხდეთ, – ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, ბოლონიის პროცესში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო რადარიდან გამქრალი იყო და საერთოდ არ ჩანდა. განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წელიწადია, გამოვჩნდით და დაინახეს, რომ პარტნიორებიც ვართ და ძალიან ბევრი ნაბიჯიც გადავდგით“, – განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საერთაშორისო საზოგადოებიდან წამოვიდა ისეთი თანამშრომლობა, როგორიცაა ჩვენი დიპლომების აღიარება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახალი მოთხოვნები გამოიკვეთა განსაკუთრებით, სამედიცინო მიმართულებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 2030 წლიდან სალიცენზიო გამოცდაზე ჩვენი სტუდენტები და ვერც აკადემიური პერსონალი საერთაშორისო მობილობით ვეღარ ისარგებლებს. ამიტომ, იმდენი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ ამან სიტუაცია რადიკალურად უნდა შეცვალოს“, – განაცხადა სანიკიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა უნივერსიტეტების ავტორიზაციის წესის ცვლილება ფორმალიზებიდან შინაარსზე გადასვლას, თამარ სანიკიძემ თქვა, რომ ცვლილებების მიზანი სწორედ ფორმალიზებიდან შინაარსზე გადასვლაა.

„თუ ადრე სამი სტანდარტის მიხედვით ვამოწმებდით, რა რესურსებს დებდა დაწესებულება სასწავლო პროცესში, ახლა ამ რესურსების გამოყენების ეფექტიანობასა და შეფასების შედეგების განვითარებაში გამოყენებას ვამოწმებთ. ესაა მთელი კონცეფცია, რაც ფორმალიზებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა იყო“, – განაცხადა სანიკიძემ.