ნათია თურნავა - მუშაობის განახლება კომპანიებს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს, კეთილი უნდა ინებონ და ყველა რეკომენდაცია შეასრულონ
დღემდე ვახერხებთ, საკმაოდ ეფექტიანად ვმართოთ ეპიდემია, არ დავუშვათ ინფიცირების მყისიერი ზრდა, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ძალები დავზოგოთ ეკონომიკაში და მოვემზადოთ ეკონომიკის ამუშავებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ეკონომიკა ფრთხილად, ეფექტიანად და გართულების გარეშე, ეტაპობრივად გაიხსნას.
„ჩვენს სამთავრობო სტრატეგიაში ძირითადი აქცენტი კეთდება შემაკავებელ, პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ არ მივუშვათ ინფექციის ადა ეპიდემიის საფრთხე ჯანდაცვის სექტორამდე. რაც შეიძლება მეტი შევაკაოთ მანამდე პრევენციული ღონისძიებებით და ამით ვართ წარმატებული, რადგან ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე დავიწყეთ პრევენციული ზომები. დღეს უკვე ვხედავთ შესაძლებლობას, ვმართავთ რა ეფექტურად ამ პროცესებს, მივცეთ საშუალება ბიზნესებს, ფრთხილად, ეტაპობრივად ამოქმედდნენ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ჩვენთვისაც და იმ ბიზნესებისთვისაც, რომლებიც პირველ ეტაპზე იხსნებიან. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ ძალიან კოორდინირებულად. ეს არის მართლაც ახალი გამოწვევა, რომელიც აქამდე არ გვქონია, რადგან საუბარია საქართველოში მოქმედ დაახლოებით 190 000 კომპანიასა და ბიზნესსექტორზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით მაგალითად, სამშენებლო ინდუსტრიაში თითოეულ კომპანიას ათობით პროექტი აქვს და ყველა ყურადღების ცენტრშია, რადგან მედიკოსების მიერ დამტკიცებული გაიდლაინები არსად უნდა დაირღვეს.
შესაბამისად, მინისტრის თქმით, კომპანიების შემოწმების პროცესში ბევრი უწყება არის ჩართული.
„ერთი რომელიმე სტრუქტურის ჩართულობით ეს ვერ მოხერხდებოდა. პრაქტიკულად მთელი ადმინისტრაციული რესურსი, რაც მთავრობაში გაგვაჩნდა – ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ვისთვისაც ეს ბუნებრივი ვალდებულებაა; ჩვენს სისტემაში შემავალი ტექზედამხედველობა; ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი სურსათის უვნებლობის სააგენტო; მუნიციპალურ ორგანოებში არსებული ინსპექციები არიან ჩართული. საჭიროების შემთხვევაში, ერთვება შემოსავლების სამსახური, კიდევ შეიძლება, ჩაერთოს სხვადასხვა შემმოწმებელი სტრუქტურა. მთელს რესურსს მივმართავთ იქითკენ, რომ ეტაპობრივი გახსნის პროცესი მიმდინარეობდეს ძალიან მკაცრი შემოწმების ქვეშ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე 5 000-მდე აპლიკაცია შევიდა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული საკითხის კოორდინაცია კვლავ უბრუნდება ჯანდაცვის სამინისტროსა და მის სტრუქტურაში შემავალ შრომის ინსპექციას, რომელიც კანონით არის პროცესის წარმმართველი, სადაც შრომის პირობები უნდა გადამოწმდეს.
„აქ სწორედ შრომის უსაფრთხო პირობებზეა საუბარი. მათი კოორდინაციით, ჩვენ და ყველა ჩამოთვლილი უწყება, ერთიანი გეგმის ფარგლებში ამოწმებს კომპანიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეში 1000-ზე მეტი კომპანია შემოწმდება, რათა რეალურად ეკონომიკის გახსნა არ მოვიდეს კონფლიქტში მთავარ ამოცანასთან, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან და ეპიდემიის გავრცელების არდაშვებასთან. დღემდე ჩვენ ამას ვახერხებდით, მაგრამ ასევე მინდა, მოვუწოდო იმ კომპანიებს, ვინც ახლა იხსნება – ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი რამ პირველ ეტაპზე და ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, ონლაინვაჭრობა გაიხსნა, ეს არის სწორი, რადგან ონლაინვაჭრობას აქვს შესაძლებლობა, იყოს ყველაზე მეტად უსაფრთხო ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ ეს აკისრებს ამ კომპანიებს დამატებით პასუხისმგებლობას. მათაც კეთილი უნდა ინებონ და ყველა არსებული რეკომენდაცია შეასრულონ, მით უმეტეს, ეს არ არის არსებით სირთულეებთან დაკავშირეუბლი. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ. თუ რომელიმე ეტაპზე შეფერხდება გახსნის გეგმა, ეს შემდგომ ეტაპებზეც აისახება. ამიტომ ჩვენც ვაგებთ პასუხს ამაზე და ჩვენ პასუხისმგებლობას ვიაზრებთ, ბიზნესებსაც მოვუწოდებთ, ყველა მიუდგეს ისევე პასუხისმგებლიანად, როგორც დღემდე აკეთებდა მათი უმრავლესობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.