ლიკა ღლონტი - უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ეწერა, რომ შენობა და სველი წერტილები ადაპტირებული იყო შშმ პირებზე, მაგრამ ადგილზე ეს ყველაფერი არ დაგვხვდა
ლიკა ღლონტი - უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ეწერა, რომ შენობა და სველი წერტილები ადაპტირებული იყო შშმ პირებზე, მაგრამ ადგილზე ეს ყველაფერი არ დაგვხვდა

უნივერსიტეტმა „ჰიპოკრატემ“ ხარისხის ცენტრს თვითშეფასების ანგარიში სექტემბერში წარუდგინა, სადაც ეწერა, რომ სტანდარტით გათვალისწინებულ ყველა პირობა გათვალისწინებული ჰქონდათ, მაგრამ დეკემბერში ვიზიტის დროს ძალიან ბევრი შეუსაბამობა აღმოვაჩინეთ, – ამის შესახებ „Erasmus+“-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორმა და ავტორიზაციის საბჭოს წევრმა, ლიკა ღლონტმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სტანდარტით, სასწავლებელი შშმ პირთა მოთხოვნების მიმართ ადაპტირებული უნდა იყოს. უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ეწერა, რომ მთელი შენობა და სველი წერტილები ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა, მაგრამ მისვლის დროს ეს ყველაფერი სახეზე არ დაგვხვდა, რამაც უნივერსიტეტის კეთილსინდისიერებისა და ნდობის საკითხი დააყენა“, – განაცხადა ღლონტმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა საქართველოში მოქმედი ყველა უნივერსიტეტი სტანდარტებს და წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა ავტორიზაცია სხვა უნივერსიტეტებსაც გაუუქმდეს, ლიკა ღლონტმა თქვა, ეს ყველაფერი მონიტორინგის შედეგად გამოჩნდება და ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი გახდება.

მისი თქმით, სამი სტანდარტი, რომლითაც სასწავლო დაწესებულებები ფასდება, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ სასწავლო პროგრამებსა და პერსონალს შეეხება.

ავტორიზაციის საბჭოს წევრი გადაცემაში სტუმრად მყოფ, უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტის, მარი მარიხაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეში“ იყო მულაჟები, რომელზეც პრაქტიკული მეცადინეობა ხდებოდა.

„18 და 19 დეკემბერს, როცა უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეში“ მივედით, მულაჟები ახალშეძენილი იყო და ჩანთებში ჰქონდათ დასაწყობებული. გვითხრეს, რომ ეს ახალშეძენილი მულაჟებია, რომელთა გამართვასაც სპეციალისტის მოყვანა სჭირდება. იგივე დაგვიდასტურეს 15 თებერვალს საბჭოს სხდომაზე. გვანახეს უკვე დეკემბრიდან თებერვლამდე განახლებული, მულაჟებით დაკომპლექტებული სასწავლო ლაბორატორია და თქვენ კვლევებს რომელ მულაჟებზე აკეთებდით, ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა ლიკა ღლონტმა.