ტარიელ კაკაბაძე - ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი და უარგუმენტო იყო
ბრალდების მხარეს არ სურს, დასკვნით სიტყვაში ისაუბროს იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც საქმეში სხვა დამნაშავე პირების მონაწილეობა დაადასტურეს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უარგუმენტო იყო.
„რიგ შემთხვევებში, მოწმეებს მიაწერეს ისეთი ჩვენების მიცემა, რაც მათ საერთოდ არ ჰქონდათ მიცემული. ისეთი ფრაზები, რაც საერთოდ არ ჰქონდათ ნათქვამი. ბრალდების მხარისგან განსხვავებით, დაცვის მხარის სიტყვა არის დასაბუთებული. ჩვენ დეტალურად ვსაუბრობთ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც გამოვიკვლიეთ, არ დავაიგნორეთ მთავარ მოწმეთა ჩვენებები, ბრალდების მხარემ კი ძირითადი ჩვენებები სრულად დააიგნორა და გვერდი აუარა. ეს ბრალდების მხარემ გააკეთა იმიტომ, რომ მათ არ სურთ, ისაუბრონ იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია დაცვის მხარის ვერსიის სასარგებლოდ. მათ არ სურთ, საქმე სრულფასოვნად იყოს გამოძიებული, დადგინდეს დამნაშავეთა ვინაობა და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელიც დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა.
ბრალდების მხარე მაქსიმალურად ცდილობს, დააიგნოროს და მიჩქმალოს ის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მომხდარის დეტალებს. ჩვენი მოთხოვნაა, სასამართლომ არ გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია და პირები დაისაჯონ იმ დანაშაულის პროპორციულად, რა დანაშაულიც ჩაიდინეს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ
საქმის პროკურორის მარიკა გოგოხიას განცხადებით, ბრალდების მხარის დაცვის სიტყვა არგუმენტირებული და დასაბუთებული იყო.
„თითოეული ჩვენი სიტყვა იყო აბსოლუტურად არგუმენტირებული, დასაბუთებული იყო იმ საქმის მასალებითა და მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლოს წინაშე გამოიკვლიეს. ჩვენ სასამართლოს წინაშე შევეცადეთ, სრულყოფილად წარმოგვედგინა ჩვენი პოზიცია და წარგვედგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოკვლეულია, შესაბამისად, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს და სრულად გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას“, – განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დღეს წარმოთქვა.
სასამართლო ხვალ 11:00 საათზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენით გაგრძელდება.