ადვოკატის ინფორმაციით, გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა
ადვოკატის ინფორმაციით, გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს, – აღნიშნულის შესახებ საართველოს პირველ არხს, მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

ადვოკატის განცახდებით, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა, თავად დაზარალებულს დაუმძიმეს ბრალი და მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.

„მერაბ კობიაშვილს ბრალად აქვს წარდგენილი 19-109 და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გათვალისწინებული მუხლები. 19-109 გულისხმობს ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, 108-ე მუხლი გულისხმობს ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბრალდება იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, პროკურატურამ საქმის შეწყვეტის ნაცვლად მერაბ კობიაშვილს ახალი მუხლი წაუყენა, თითქოს ვიღაც პიროვნებას ცემა. მის მიმართ ამ ნაწილში ბრალდება არის თავიდან ბოლომდე აბსურდული და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც გაამყარებდა საკუთარ პოზიციას. დაცვის მხარე სასამართლოში წარვადგენთ ვიდეო ჩანაწერებს, უტყუარ მტკიცებულებებს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ სცემდა მერაბ კობიაშვილს ხუთი ადამიანი. რამდეჯერმე სცემეს მას და მიაყენეს მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. მერაბ კობიაშვილი იძულებული გახდა, დაეცვა თავი. როდესაც სახლთან კიდევ დაესხნენ თავს, მან გამოიყენა მისი უფლება, თავდაცვის უფლება და ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში. პროკურატურამ ნათლად დაინახა ვიდეოკამერის ჩანაწერებში, როგორ ესხმიან კობიაშვილს თავს, არ აძლევენ გაქცევის საშუალებას. თუმცა არც ერთი ის პირი, ვინც მერაბ კობიაშვილის ცემაში მონაწილებდა, დასჯილი არ არის. მერაბ კობიაშვილს იქეთ წაუყენეს ბრალი, ვითომ და სხვა პიროვნების ცემაზე მაშინ, როდესაც ვიდეოკამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილი ხელსაც კი არ უბრუნებს ამ ადამიანებს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი 16 თებერვალს დააკავა. მერაბ კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.