თამთა მიქელაძე - შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონსტრუქციული და მხარდაჭერით წარმართული
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც გამოძიების მიმართ და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის მიმართ გვაქვს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლს გაუწევს.
„თვეების განმავლობაში გვაქვს კრიტიკა მიმდინარე გამოძიების მიმართ ისევე, როგორც ზოგადად, პანკისის ხეობაში, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. პრემიერმა არსებითად მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც გამოძიების მიმართ და ჩატარებული სპეცოპერაციის მიმართ გვაქვს. პრემიერ-მინისტრის მხრიდან მივიღეთ დაპირება, რომ პირად კონტროლს გაუწევს მაჩალიკაშვილის საქმეს. ამასთან, აღნიშნა, რომ შეეცდება, ის ხარვეზები, რომელიც გამოძიებაში ჩანს, გაიაროს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან.
ამასთან, მივიღეთ დაპირება, რომ პანკისის ხეობაში ხელისუფლების პოლიტიკა უფრო ჰუმანური და სოციალური გახდება. ასევე, რომ ხელისუფლება შეეცდება, რომ ამ კუთხით, მათ შორის პანკისის ხეობასთან გაჩენილი ნდობის პრობლემა მოაგვაროს. რა ვადებში იქნება ეს ცვლილებები მიღწეული, ჩვენთვის ცხადია რთულად სათქმელია, თუმცა ითქვა, რომ რაღაც გონივრულ პერიოდში გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, შეხვედრაზე კონკრეტულ შეკითხვებაზე პასუხები არ მიუღიათ, რადგან შეხვედრას არ ესწრებოდა სუს-ი და პროკურატურა.
„ჩვენ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები არ მიგვიღია, რადგან ამ შეხვედრას არ ესწრებოდა სუს-ი, პროკურატურა, შესაბამისად, პასუხების გაცემის რეჟიმში მთავრობა არ იყო. თუმცა, ჩვენ დავსვით ზოგადად სპეცოპერაციის ჩატარების კანონიერებისა და აუცილებლობის საკითხი, კერძოდ, საქმესთან დაკავშირებული ნივთმტკიცებების განადგურების, დაზიანებისა და შესაძლო ფალსიფიკაციის საკითხი. ასევე, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ქმედებები ამ საქმეში სუს-მა ჩაატარა, ნაცვლად პროკურატურისა. ცხადია, ჩვენ მოვითხოვეთ წვდომა იმ საიდუმლო მასალებზე, რომელიც ამ დრომდე ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი, რაც საქმეზე ეფექტიანი კონტროლის საშუალებას არ იძლევა“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე დღეებში პარლამენტში იგეგმება სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა და განხილვის საგანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე იქნება.
„მიმდინარე დღეებში პარლამენტში იგეგმება სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა და ამ მოსმენების ფარგლებში, ასევე იქნება განხილული თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე. უნდა ითქვას, რომ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე არის პირველი საქმე, სადაც დადგა სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება სიცოცხლის უფლებასთან კავშირში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ქმედებამ სიცოცხლის განადგურება გამოიწვია. ვფიქრობ, ამ საქმის სერიოზული პოლიტიკური და სოციალური შინაარსი სახელმწიფოს ესმის და ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ სახელმწიფოს რეაგირება უფრო ეფექტიანი გახდება. ჩვენ ცხადია, გავაკონტორლებთ ამ პროცესს უახლეს პერიოდში, როდესაც ეს გონივრული ვადა ამოიწურება, ჩვენ საზოგადოებას ამ პროცესის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა მიქელაძემ.
როგორც თამთა მიქელაძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იყო კონსტრუქციული და მხარდაჭერით წარმართული.
„შეხვედრა იყო პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონსტრუქციული და მხარდაჭერით წარმართული, რაც მნიშვნელოვანია. მთელი ამ დროის განმავლობაში, ხელისუფლების ძირითადი პრობლემა ეს იყო კომუნიკაციის ხარვეზი დაზარალებულ ოჯახებთან. ამდენი ესკალაციის შემდეგ, ვფიქრობ, გადაწყვეტილება მაინც სიტუაციის ნორმალიზებისთვის იყო მნიშვნელოვანი. პრემიერმა ჩაინიშნა ყველა ეს ხარვეზი. მან თქვა, რომ ის ვერც აღიარებს და ვერც უარყოფს ამ კრიტიკას, მაგრამ ამას გაივლის მისი პირადი კონტროლის ქვეშ საგამოძიებო ორგანოებთან“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან თემირნალ მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრას, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ესწრებოდნენ.